მამუკა ხაზარაძე - არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე
მამუკა ხაზარაძე - არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ემხრობა ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„მე არ ვეთანხმები ერთიანი ოპოზიციური სიის იდეას. მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. არ მინდა, ასოცირებული ვიყო იმ ძალასთან, ვინც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, — განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ხაზარაძის განცხადებით, ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები, თუმცა მეტ დეტალს ჯერ ვერ გაამხელს.