მამუკა ხაზარაძე აქვეყნებს ცხრა პუნქტს და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გახარიასთან მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმება უკვე მიღწეული იყო
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცხრა პუნქტს, რომელზეც, მისი თქმით, გახარიასთან შეთანხმება მიღწეული იყო.
„ეს იყო, რაზეც შევთანხმდით: 1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9, ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“; 2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით; 3. გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის (გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე); 4. ხაზარაძისა და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ., 10-10 ლელო/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები (სხვა დეტალები დასაზუსტებელია).
P.S. მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება; 5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრ პრიორიტეტზე; 6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით; 7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან; 8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძისა და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილი და ამასთან ერთად, კოალიციის სხვა წევრებიც; 9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან (მაქსიმუმ, ექვსი ადამიანი), 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
დღეს გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკების გასაგრძელებელი პირობები დაასახელა. გახარიას განცხადებით, ეს პირობებია: „1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა. მივიჩნევთ, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის; 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი; 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მოგვიანებით ბრიფინგი გამართა მამუკა ხაზარაძემაც და აღნიშნა, რომ გახარიამ აბსოლუტურად ახალი პირობები დაასახელა, რომელთა განხორციელებაც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობის გათვალისწინებით, შეუძლებელია.