მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტს ვერავინ ჩაშლის, არ დაიჯეროთ, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს აჩვენოს, თითქოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ხაზარაძის თქმით, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, თუმცა პროექტის გაჩერების დავალება ივანიშვილმა რუსეთისგან მიიღო.
ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტს ვერავინ ჩაშლის.
„ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა, რომ სახელმწიფომ გამოაცხადოს, თითქოს ვერ შევასრულეთ პირობები, ეს არის სრული სიცრუე, დავალებაა რუსეთიდან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი. დავპირდი საზოგადოებას, რომ ანაკლიის პროექტი და ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაშვების შემდეგ. ყველა ზღაპარი, რომელსაც გვიყვებიან, მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, არ დაიჯეროთ, არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, არსებობს ბანკებიდან მოზიდული თანხები, ეს ტყუილი არ დაიჯეროთ, ანაკლიას ავაშენებთ აუცილებლად და ავაშენებთ ჩვენი ქეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვებრძვიან არა მხოლოდ პერსონალურად, არამედ ებრძვიან პროექტს და ეს არის დაახლოებით ისეთივე სიტუაცია, როდესაც ქვეყანას დაპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და ერთ-ერთ მაჟორიტარს დააბრალეს პროპორციული არჩევნების ჩაშლა. მსგავსი სცენარის განვითარება უნდა ბიძინა ივანიშვილს, თითქოს ვერ შევასრულეთ ვალდებულება და ვერ მოვიყვანეთ ინვესტორები, ეს არის ტყუილი, ეს არ ეწერება არანაირ რეალობაში“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ინვესტორი არსებობს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის აშენება არ სურს.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებობს ინვესტორიც და მზაობაც, თუმცა ბიძინა ივანიშვილს და მის დამქაშებს არ უნდათ ანაკლიის პროექტის აშენება, რადგან ეწინააღმდეგება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს, ჩვენ ამას გავარღვევთ“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, „იქნება სერიოზული დავა, მომზადებულია უზარმაზარი საქმე იმ დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ და იმის გამოსააშკარავებლად, რაც ივანიშვილის მთავრობამ ანაკლიას გაუკეთა“.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ და ლეგალურ გზებს, რომ დავიცვათ უცხოელი ინვესტიციები, რომელიც ჩაიდო ანაკლიაში, ჩაიდო ამერიკული, ჰოლანდიური, ევროპის სხვა ქვეყნების ინვესტიცია, ამ პროექტში დავიცავთ მათ უფლებებს, და დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ გავუშვებთ ხელისუფლებიდან და დავიცავთ თითოეული ინვესტორის უფლებებს, რომელმაც ანაკლიაში უზარმაზარი ინვესტიცია განახორციელა “ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს ამოიწურა შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოედგინა. 31 დეკემბერი კი საბოლოო ვადაა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.