მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გაგრძელების ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი გადაფრინდეს ლონდონში, ნიუ იორკში, ჰოლანდიაში, დაარწმუნოს კომპანიები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ანაკლიაში
ანაკლიის პორტის პროექტის გაგრძელების ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი, დაიწეროს სერიოზული წერილი, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, ასევე ნიუ იორკში, ჰოლანდიაში, დაარწმუნოს ეს კომპანიები, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ ანაკლიაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება მკაფიო პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან, რომ პროექტი გაგრძელდეს.
„დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე „ანაკლიის კორპორაციის“ მიმართ ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც უკვე წელიწადნახევარია ჩვენი ხელისუფლება, მისი სხვადასხვა უწყება ასე ინტენსიურად აკეთებს.
15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მაყურებელს, რომ მე და ბადრი ჯაფარიძემ შეგნებულად დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორებისა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე და იცით, რომ პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის. სამწუხაროდ, გუშინ პრესკონფერენციაზე მოისმინეთ, რომ არათუ კონსტრუქციული დიალოგით, არამედ პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა და შესაბამისად, ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, არის ზუსტად იმ სცენარის გამეორება, რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ. თითქოს ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და თითქოს სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს, არ შეესაბამება სიმართლეს.
მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მოვუწოდო ხელისუფლებას, ანაკლია, საუკუნის პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი, თუ გვინდა რომ გამოვიდეს, უნდა გადავდოთ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია. გამოსავალი არის ერთადერთი – მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული. არათუ გაუარესებული, ციფრებით თუ შევხედავთ, 54 პროცენტი არის ვარდნა წლევანდელ წელს საგარეო ინვესტიციებისა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი, დაიწეროს სერიოზული წერილი, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც შემოვიყვანეთ, ნიუ იორკში მეორე კომპანიასთან, რომელსაც ვერ აღირსეს ვერანაირი კომფორტის წერილი, რომ მას მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას. ამის ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებთ, ასევე გაიაროს ჰოლანდიასა და გერმანიაში, ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც ასევე მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში, ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი. გაკეთდეს ოფიციალურად მთავრობის სახელით ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ საქართველოსა და ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს იქნება ზუსტი, მკაფიო გამოხატულება მათი პოზიციისა, მთავრობა გვაქვს მხედველობაში. ეს არის ბოლო შანსი, გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას. ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც გვესმის სხვადასხვა ტრიბუნიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიას და ამავდროულად, საბოტაჟს უკეთებენ ანაკლიას, იქნება მიღებული როგორც მორიგი ცრუ დაპირება და მიზეზის ძებნა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს რამდენიმე და არა ორი, საერთაშორისო დონის ინვესტორი, რომელიც მზად არის, განახორციელოს და დაამთავროს ანაკლიის პროექტი.
ბანკებთან დარჩენილი იყო ერთი საკითხი – ის ნარატივი, რომელიც მათ მოიგონეს, თითქოს გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდებოდა და ხდება ანაკლიის სახემწიფოს მხრიდან რაღაც გარანტიების გაცემა, არის ტყუილი, ესეც მათი მოგონილია. შემოთავაზებაში მსგავსი არაფერი ეწერა. შესაბამისად, გამოსავალი არის ეს, მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია მინისტრთა კაბინეტის, მათი წარმომადგენელის გამგზავრება. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ თუ ბილეთის პრობლემაა, ჩვენ გავუკეთებთ ამის ორგანიზებას მათ გადაფრენას და შემდგომ მათ ჩამოყვანას საქართველოში.
რაც შეეხება ყველა იმ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას ჩვენი და სახელმწიფოს მხრიდან, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ, ჩვენი მომავლის პროექტთან. საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. მე აღარ წარმოვადგენ კომპანიას. დღემდე ჩადებულია 75 მლნ დოლარი და დაკონტრაქტებულია „ჰიუნდაი“, დაკონტრაქტებულია ჩინური კომპანია. ყველა მზად არის, რომ პროექტი დაიწყოს. გუნდი მზად არის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენs მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. კომპანია მზად არის, რომ ძალიან კონსტრუქციულად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააგრძელოს დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გამოავლენს თავის ძალიან მკაფიო ნებას. საჭიროა მარტივი წერილი. ახლა არც ეს მარტივი წერილი შველის, საჭიროა ძალიან მკაფიო გარანტია კონკრეტულ ადრესატებზე, რომელიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ და ასე შეიძლება, ეს საკითხი მოტრიალდეს და ანაკლია აშენდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.