მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის პროექტზე შეფერხება არ გვაქვს, ამიტომ მაშფოთებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას
შეფერხება ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და ამიტომ ცოტა მაშფოთებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, კერძოდ, ხომ არ უკავშირდება ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პორტის მშენებლობიდან „თიბისი ბანკის“ ჩამოშორების მცდელობას.
„არანაირ დასკვნას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, არა იმიტომ, რომ კითხვას თავი ავარიდო. სიტუაცია გვაქვს შემდეგი – იცით, რომ ბოლო ხუთი წელია, მიმდინარეობს მოლაპარაკე საფინანსო ინსტიტუტებთან. პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ერთი წლის წინ ხელი მოვაწერეთ, მაისი-ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია. დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ, ინფორმაციის გაჟონვები „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაცა კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ინვესტორთან და კომპანიის ერთ-ერთ თავმჯდომარესთან, რომლებზეც პარალელურად ე.წ. არარსებული საქმე იხსნება.
ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს ცოტა მაშფოთებს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტთან მიმართებაში კომპანია სამუშაო გრაფიკიდან ერთი წუთითაც არ ამოვარდნილა.
„მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობ, არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს. მინდა, ხაზგასმით გითხრათ, ჩვენი სამართალი და პატიოსნება არის თქვენ წინ. უკვე მაისში და ივნისში უნდა მივიღოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, ექვსი მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან. 600 მილიონ დოლარზეა საუბარი. საქმე აღარ ეხება „თიბისი ბანკსა“ და კონკრეტულ ადამიანებს, საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, მომავალს. ამიტომ ვთხოვ ყველას, დროზე გაერკვეს სიტუაციაში, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა დავუბრუნდეთ საქმეს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.
კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.
გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.