მამუკა ხაზარაძე - ამ ეტაპზე არავისთან ვითანამშრომლებთ, ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე
ამ ეტაპზე არავისთან ვითანამშრომლებთ, ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებისთვის.
„მოძრაობაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტული შედეგი აქვთ მიღწეული თავისი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში, ქვეყნის სხვადასხვა დისციპლინებსა და ინდუსტრიებში. არავისთან ვითანამშრომლებთ, ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ჭორებს ნუ აჰყვებით, ღია ვართ მედიისთვის, ყოველთვის პირველს გეცოდინებათ ჩვენი გეგმების შესახებ. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ ამ ეტაპზე არავისთან ვითანამშრომლებთ. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულად, გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.