მამუკა ხაზარაძე - ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა აქციების გაგრძელება, პარლამენტის დელეგიტიმაცია, „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა საპატიო თავმჯდომარედ
ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა პერმანენტული აქციების გაგრძელება, პარლამენტის დელეგიტიმაცია, „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა საპატიო თავმჯდომარედ, სამოქმედო გეგმის შემუშავება, დელეგაციის გაგზავნა დასავლელ მეგობრებთან და მხარდაჭერის გაძლიერება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:
1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციაზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;
4. „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება;
5. „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.