მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ საქართველოს პირველმა არხმა მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა [ვიდეო]

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოძრაობის წევრების შესახებ გუშინ გაავრცელა, მოძრაობა „ლელოს“ კომპიუტერიდან იყო ამოღებული.

საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1tv.ge გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით – მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი გუშინვე დაუკავშირდა რამდენიმე მათგანს, ზოგიერთმა წევრობა დაადასტურა, ზოგიერთმა კი, წარდგენამდე დადასტურებისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 12 სექტემბრიდან, ანაკლიაში გამართული პრეზენტაციის დღიდან ვრცელდებოდა.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობა „ლელოს“ წევრების წარდგენისას გააკეთა:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ოფისი სახელდახელოდ გაკეთებული ოფისია, დიზაინირებულია შუშის კედლებით. ჩვენი კაბინეტები, სათათბიროები არის შუშის, რაც ნიშნავს, რომ აქ არაფერი არის დამალული, არც იქნება.

გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი. ღამე აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც დღეს უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე. არის ორი ვარიანტი, ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, რადგან იყო დახურული ინფორმაცია ჩვენს კომპიუტერებში და გვინდოდა, ჩვენგან გაგეგოთ; ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაში თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ, მოიპოვა სხვადასხვა არხით. ეს ინფორმაცია ამოღებული იყო ჩვენი კომპიუტერიდან, რომელიც ჩვენ გარეთ არ გაგვიცია.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე, ვინ ვის მიაწოდა, მაგრამ ძალიან გასაკვირია იმ დაშვებებით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით, მინდა გითხრათ – ჟურნალისტებს არ ეგონოთ, რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ მედიას აქვს უფლება, რაღაც ინფორმაცია მოიპოვოს და ჩვენ, ვინც ვაფინანსებთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან კითხვები არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.