მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს
„ლელოს“ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, ერთად ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აცხადებს, ამოცანაა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს.
„ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, რათა ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. ეს არის „შუა“, თუ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას. შეიძლება, იყოს ძველი პოლიტიკა, მაგრამ გასვრილი არ იყოს. ჩვენ გვაქვს გასვრილი პოლიტიკა და პოლიტიკოსებიც, ძველიც. ძველ პოლიტიკაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყანას 30 წელია, ერთი პარტია მართავს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთი ვერტიკალით. ვიდრე ეს ვერტიკალი არ მოიშლება, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ გათავისუფლდება იმ წნეხისგან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ სტრატეგიული პარტნიორობა ამას ნიშნავს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა მელია „ლელოს“ სიაში, ხაზარაძე პასუხობს, რომ ნიკა მელიასთან „ლელოს“ სტრატეგიული პარტნიორობა ექნება.
ამასთან, ხაზარაძე აცხადებს, რომ თეორიულად უშვებს შესაძლებლობას და არ გამორიცხავს, არჩევნების წინ ნიკა მელიას პარტიასთან გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას.
„როგორც ვიცი, ნიკა მელია თავის პარტიას აკეთებს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ოპოზიციონერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ არის ორი პარტია – ნიკა მელიას პარტია და მეორე მხარეს „ლელო“, რომლებიც შეთანხმებული არიან ქვეყნის მართვაზე, მთავრობის კომპოზიციაზე. შემდეგ კი გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი მმართველობა, გვინდა რომ ქვეყანა ინტეგრირდეს ევროსტრუქტურებში. ამას სჭირდება ახალი მთავრობა, რეფორმები, ახალი იდეები, ახალი ადამიანები და ა.შ. დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ გიდასტურებთ თუ ვისთან გვაქვს ჩვენ სიმპათია“,- განაცხადა ხაზარაძემ.