მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირვლები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს“, – აღნიშნა ხაზარაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ გააკეთებენ ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება. ეს არის ან რუსული არჩევანი, ან ჩვენი თავისუფლების არჩევანი, ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სრული მობილიზაციისთვის, რათა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად დავაყენოთ ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ არ უარყოფს წარსულში გიორგი გახარიასთან დაპირისპირებას, მაგალითად, ანაკლიის პროექტზე.
„დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ვინმეს პროექტი, ეს არის ქვეყნის პროექტი. ხუთი წელია, აღნიშნული პროექტი გაჩერებულია, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს პროექტი. ამიტომ თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამავდროულად, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა: „სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იმავე წერილს, იმავე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ეს საკითხი უნდა იქნეს გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა ვთანამშრომლობდეთ, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.
მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო, ნებისმიერ მომენტში შეხვედროდა გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ პრეზიდენტს.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, რის შემდეგაც ხაზარაძე და გახარია პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ.