მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „აეროფლოტის“ ბილეთი უყიდა
მე დღეს ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე „აეროფლოტის“ ბილეთი, ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უსირცხვილო განცხადება.
„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უსირცხვილო განცხადება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35-ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და ჩვენ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში. დაეხმარება ჩვენ ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში და ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ამას აკეთებს ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად ეუბნება ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო ქართველების გარეშე. დღეს გადავწყვიტე, ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს არის აეროფლოტის ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე, ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. მინდა ვუთხრა მას, ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესს კლასი, რადგან შეჩვეულია კარგ ცხოვრებას, ამ ბილეთით მას შეუძლია, დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა ამის შემდეგ დაადგება ნორმალური განვითარების გზას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.