მამუკა ხამხაძე - სკოლის ავტორიზაცია რთული, კომპლექსური, მაგრამ საჭირო და სასარგებლო საქმეა, სტანდარტი მოითხოვს, რომ პროცესში ჩართო სასკოლო საზოგადოება, ეს გიჩენს ანგარიშვალდებულების განცდას
ავტორიზაცია არის ნამდვილად რთული და ძალიან კომპლექსური, მაგრამ საჭირო და სასარგებლო საქმე როგორც სკოლის, ისე სისტემის და სახელმწიფოს დონეზე, – ამის შესახებ ზოგადი განათლების ხარისხის ექსპერტმა, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა, მამუკა ხამხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„მე ძალიან ვუფრთხილდები დაწყებულ საქმეს, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო, რადგან ამას ვუყურებ შორეულ პერსპექტივაში, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეს. ავტორიზაციის მიმართ არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, არის შიშები და სხვადასხვა მოლოდინი. კი, ეს ავტორიზაცია არის ნამდვილად რთული და ძალიან კომპლექსური, მაგრამ საჭირო და სასარგებლო საქმე როგორც სკოლის, ისე სისტემის და სახელმწიფოს დონეზე. იმ მნიშვნელოვანთაგან, რასაც ავტორიზაცია გვაძლევს, გამოვყოფდი სამ კომპონენტს, ეს არის მდგრადობა, ავტონომიურობის გაზრდა და ღიაობა“, – განაცხადა ხამხაძემ.
მისი თქმით, ავტორიზაცია, შემოთავაზებული შესაძლებლობებით და რეგულაციებით, რომლებიც სკოლამ უნდა შეიმუშაოს, სკოლას აძლევს მთელ რიგ შესაძლებლობებს, თავისი შიდა რეგულაციები ჰქონდეს და თვითრეგულირებადიდან იყოს უკვე რეგულირებადი სოციალური ინსტიტუტი.
„სკოლაში თუ ჩამოყალიბებულია ასეთი ინსტიტუტები, მნიშვნელობა არ აქვს, მას პეტრე უხელმძღვანელებს თუ პავლე, ყველასთვის იქნება ეს გამოსაყენებელი ინსტრუმენტი“, – განაცხადა ხამხაძემ.
ამასთან, ხამხაძემ აღნიშნა, რომ ავტონომიურობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რისკენაც სისტემა მიდის და ავტორიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა სკოლის ავტონომიურობა გაიზარდოს.
„როცა სკოლას აქვს უკვე ჩამოყალიბებული თავისი შიდა წესები, ჩამოყალიბებულია, როგორც ინსტიტუტი და ეს ყველაფერი დროს უძლებს, შიდა გადაწყვეტილებებით მისი ავტონომიურობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამის გარეშე“, – აღნიშნა ხამხაძემ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღიაობა, როგორც სკოლის შიგნით, ისე საზოგადოებასთან მიმართებაში.
„ავტორიზაციისთვის საინტერესოა, შიგნით სასკოლო საზოგადოება რამდენად არის ჩართული პროცესში, არა ერთი ადამიანი, დირექტორი, არამედ სასკოლო საზოგადოება, რომელშიც შედის მშობელიც, მოსწავლეც, მასწავლებელიც და თემიც. ავტორიზაცია გიყენებს ამ ვალდებულებას და შენ, რაც არ უნდა დიმიტრი გელოვანი იყო, ამას მარტო ვერ გააკეთებ. იმიტომ, რომ სტანდარტი შენგან მოითხოვს, რომ პროცესში ჩართო სასკოლო საზოგადოება. ეს არის დემოკრატიულობისკენ გადადგმული ნაბიჯი და გიჩენს ანგარიშვალდებულების განცდას როგორც შიგნით, ისე გარეთ“, – განაცხადა ხამხაძემ.
როგორც ხამხაძემ აღნიშნა, ავტორიზაცია არის შესაძლებლობა, რომ ხელისგულზე წამოატივტივოს სკოლის ყველა მიღწევა და, ამავე დროს, ყველა პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც სხვადასხვა ინსტიტუტი ჩაერთვება.
„ეს არის თამამი გადაწყვეტილება და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ხამხაძემ.
მამუკა ხამხაძემ ასევე განაცხადა, რომ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, სწავლის დაწყების წინა დღეებში გაიარა.