მამუკა ჭელიძე - შსს-ს თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ იმ ინტერნეტგვერდების გამოვლენასა და შეზღუდვაზე, რომლებითაც ნარკოტიკები იყიდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ იმ ინტერნეტგვერდების გამოვლენასა და შემდეგ უკვე მათი გამოყენების შეზღუდვაზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის გამოყენებით შეძენა ურთულესი გამოწვევაა.
„ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რის შედეგადაც არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ და დავაკავეთ პირები, რომლებიც ნარკოტიკებს კონკრეტულ მისამართებზე ათავსებდნენ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კვლავ ინტენსიურად ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელთა შედეგების შესახებაც უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბოლო თვეების განმავლობაში შსს-ს მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებზეც ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები ასევე აქტიურად მუშაობენ იმ ინტერნეტგვერდების გამოვლენასა და შემდეგ უკვე მათი გამოყენების შეზღუდვაზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების შეძენა. სამინისტრომ ბოლო ოთხ თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილოგრამამდე ჰეროინი, ერთ კილოგრამზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.