მამუკა ჭელიძე - ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, რა იყო მიზეზი, რამაც ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია
ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია. ეს არის მიზეზი, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რატომ განხორციელდა გარდაცვლილი ოპერატორის სახლიდან გადმოსვენება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადა.
როგორც ჭელიძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედება გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ საქმის გამოძიებისთვის აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა.
„ეს საპროცესო, ტექნიკური ნაწილია. როდესაც გარკვეული ექსპერტიზის დადგენილება ინიშნება, მიმართვა ხდება. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ არის განსაკუთრებულად დიდი დრო. ეს არის სტანდარტული პროცედურა. რაც შეეხება ოჯახიდან გადმოსვენებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი კითხვებზე პახუხი გასცეს. შესაბამისიდ, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, შეუძლებელია რაიმეზე გადაჭრით თქვას გამოძიებამ დასტური. ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, რა იყო მთავარი მიზეზი, რამას მისი გარდაცვალება გამოიწვია. ეს არის მიზეზი, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა ჭელიძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.