მამუკა ბახტაძე სამართალდამცველებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის
მამუკა ბახტაძე სამართალდამცველებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამართალდამცველებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცველები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ გამოჩენილი თავშეკავება ძალიან მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. მამუკა ბახტაძე ხეობაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, სრულიად მიუღებელია.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მთელი ამ ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ ამის მკაფიო დემონსტრირებას ვახდენთ. ბუნებრივია, კანონის დარღვევა, მით უმეტეს იმ გზით, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – აგრესია სამართალდამცველებზე სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე და პანკისის ხეობის მცხოვრებთა პატრიოტიზმზე.

„არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას – როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ან ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე არასოდეს მოხდება.

მამუკა ბახტაძემ ყველა მხარეს ემოციური კომენტარების კეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და საზოგადოებას მიმართა, არ დაეყრდნოს სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შედეგად სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.