მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა
მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა.

პრემიერის თქმით, გიორგი შენგელია რამდენიმე პრინციპის გათვალსიწინებით შეირჩა.

„თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია, ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით. პირველი, არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს. დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა შენგელია ამას ყველაზე კარგად გააკეთებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, გიორგი შენგელია არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი.

„ეს ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მესამე და მთავრი პრინციპია, რომ შენგელიას ძალიან უყვარს თავისი ქალაქი.

„მესამე და ყველაზე მთავარი, გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია“, – განაცხადა წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა.