მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებზე, რომლებიც განათლების და ეკონომიკის მიმართულებით ხორციელდება.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და იმ პოლიტიკას, რაც საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას გულისხმობს.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომისრის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გავხსენით “აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლა“. ეს არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა და სიახლეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ ეს პატივი სწორედ საქართველოს ხვდა წილად. მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს გადავუხადო მადლობა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ სწორედ საქართველოა პირველი ქვეყანა, სადაც ეს სკოლა გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, ევროპული სკოლის არსებობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამავე დროს ეს გახლავთ ევროკავშირთან ჩვენი წარმატებული პარტნიორობის, ორმხრივი ნდობის და მეგობრობისა ნათელი მაგალითი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.