მამუკა ბახტაძემ და კრისტინ ლაგარდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს
მამუკა ბახტაძემ და კრისტინ ლაგარდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და ხაზი გაესვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღინიშნა, რომ სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვების განსახორციელებლად შესაბამისი ფისკალური სივრცის უზრუნველყოფის საკითხს შეისწავლის.

„ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე და მიმდინარე რეფორმებზე. დაწვრილებით ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში კაპიტალდაბანდების შექმნის პროექტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღვუთქვი, რომ მთელი გულისყურით შევისწავლით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და განათლების სფეროში შესატყვისი ინვესტიციის ერთობლიობას, რათა ამ განზრახვისთვის გონივრული ფისკალური სივრცე იქნას უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.