მამუკა ბახტაძემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს
მამუკა ბახტაძემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა.

მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იქნება  არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის კვლავაც გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.