საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მეწარმეებს გაესაუბრა და ყურადღება ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გამოფენა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ექსპოზიციაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის 20-ზე მეტი ბენეფიციარის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
პრემიერ-მინისტრთან ერთად გამოფენაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.