მამუკა ბახტაძე - წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ დარგის დაკნინება და ჩვენ სავაჭრო დეფიციტი სამჯერ შევამცირეთ
წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება და დღეს ექვსი წლის შემდეგ, ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებულია 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს სამეგრელოში იმყოფება.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ექვსი წლის წინ დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში 900 მილიონი იყო.
„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მოდით, მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ მარტივი სტატისტიკა. ექვსი წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი, თითქმის მილიარდი. საქართველოს სოფლის მეურნოებაში ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს ჰქონდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება. დღეს ექვსი წლის შემდეგ, ჩვენ შევძელით, ეს დეფიციტი შემცირებული არის 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევძელით და ეს დეფიციტი შევამცირეთ სამჯერ, რომ არა აზიური ფაროსანა, ძალიან მტკივნეული პრობლემები და გამოწვევა, რომელიც შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, გასულ წელს უკვე ვისაუბრებდით, რომ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ნაბიჯებით, უკვე 2020 წელს შევძლებთ, სავაჭრო დეფიციტის მსგავსი სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში და ეს არის თქვენი დამსახურება, ჩვენი ფერმერების. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ამერიკელ მეგობრებს და ჩემი გულწრფელ მადლობა თქვენ, ჩვენს ფერმერებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ იმისი დემონსტრირება, რომ როდესაც ქართული საზოგადოება დგას ერთად, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროგრამაში. დიახ, სამი წელი ჩვენ ვებრძოდით ამ მტკივნეულ გამოწვევას და ის დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.