მამუკა ბახტაძე - ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას  დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი
მამუკა ბახტაძე - ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი

ვიზიარებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა დიდი სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

„ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი. ქართულ საზოგადოებაში არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მძიმე დანაშაული რჩება გამოუძიებლად. 31 მარტს დავგეგმეთ ბევრი ღონისძიება და ყველას გვექნება საშუალება, საქართველოს თითოეულ კუთხეში მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. პირველი პრეზიდენტის როლი და წვლილი ჩვენს დამოუკიდებლობაში არის განსაკუთრებული. ეს იყო ქართველი ერის ისტორიული გამარჯვება, რომ დავიბრუნეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ადგილი და როლი არის სრულიად განსაკუთრებული. ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და ვუერთდები ამ პოლიტიკურ შეფასებას, რომ აქამდე ვერ მოხდა ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება და ამას ნათელი უნდა მოეფინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელი რომ არის, ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია.