ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა იქნება წარმატებული ცალკე აღებული, ეს უნდა იყოს ერთიანობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იცით, რომ განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებებს ვაერთიანებთ ერთ სამინისტროში. ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და, რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე გაამახვილა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის აფხაზი ძმებისთვის.
„ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე და ამიტომ დღეს მე იცით, რომ განვაცხადე ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ.
უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.