მამუკა ბახტაძე - ვერასდროს გავიზიარებ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულებას, რითაც მოვიდა
ვერასდროს გავიზიარებ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულებას, რითაც მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, რას აკეთებდა აქამდე მმართველი გუნდი, პრემიერი პასუხობს, რომ ეს ობიექტური შეფასება არ არის.
„ძალიან არ მიყვარს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს ნებისმიერმა სახელმწიფომ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. მაგრამ, გავიხსენოთ 2012 წლამდე, რა სიტუაცია გვქონდა ჯანდაცვაში და როგორ რადიკალურად გამოასწორა სიტუაცია საყოველთაო ჯანდაცვამ. მხოლოდ C ჰეპატიტის ნაწილში 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენით თითოეულმა ჩვენგანმა. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ უზრუნველყოფს იმას, რა დაპირებებითაც მოვიდა, მე ვერასდროს გავიზიარებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა unicef-ის კვლევასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს ქვეყანაში.
„ამ კვლევის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ უკვე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, სწორედ ასეთი ოჯახებისთვის ბავშვებზე დახმარება გავზარდეთ. რა თქმა უნდა, იმ ხედვაში ხედვა რაც გვაქვს, რა მინიმალური სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება გადავიყვანოთ სხვა ეტაპზე, ბუნებრივია, საკვებით უზრუნველყოფას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.