მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის იდეა მე მეკუთვნის, გარწმუნებთ, ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან
ვალების ჩამოწერის იდეა მე მეკუთვნის, გარწმუნებთ, ამ პროექტს არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერს სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს, მათ შორის იყო კითხვა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებსა და ვალების განულების პროგრამას ეხებოდა – „ჩემი კითხვა ეხება 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებს. თქვენი აზრით, შეესაბამება თუ არა კანონის უზენაესობის პრინციპს ის, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა გადაიხადა 600 ათასი ადამიანის ვალი საკუთარი ჯიბიდან და როგორ უპასუხებდით სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ბრალდებებს, იქნება თუ არა ეს ბრალდებები გამოძიებული დამოუკიდებელი უწყების მიერ და თუ არა, როგორ აისახება ეს საქართველოს ურთიერთობებზე ევროპასთან“.
როგორც პრემიერმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა, ვალების ჩამოწერის ინიციატივით ის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გამოვიდა და აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ არჩევნებამდე გაცილებით ადრე განაცხადა.
„მადლობა ამ თემის წამოწევისთვის, რადგან ვალების ჩამოწერის ეს იდეა მე მეკუთვნის. ამ ინიციატივით ფინანსთა მინისტრობის დროს გამოვედი. მინდა, მოგაწოდოთ ძალიან საინტერესო მონაცემები. საქართველოს მოსახლეობა არის 4 მილიონზე ნაკლები. 600 ათასი მოქალაქე იყო ე.წ. შავ სიაში. მათ არ ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ეკონომიკურ პროცესში. ეს ოჯახების უმრავლესობაა. არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრის რანგში ამ ინიციატივით მე გამოვედი. 2018 წლის აგვისტოში მე დავაანონსე, რომ აღნიშნული პროექტი 2018 წლის შემოდგომაზე განხორციელდებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასე რომ, აღნიშნული იდეა არჩევნებამდე გაცილებით ადრე დავაანონსეთ. ეს ვალები იყო მთავრი პრობლემა და სისტემური რისკი ჩვენი ეკონომიკისთვის. თუ შეხედავთ საქართველოს რეიტინგებს, საქართველო დაწინაურდა სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებში. ამის მთავარი არგუმენტი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. გარწმუნებთ, ამ პროექტს არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძეს კითხვა ასამბლეის სხდომაზე კიდევ ერთმა დეპუტატმა დაუსვა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის, ასამბლეას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
„უკვე ვუპასუხე ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ კითხვას. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვალების ჩამოწერის იდეა იყო ჩემი იდეა. ეს იყო სისტემური პრობლემა ჩვენი ეკონომიკისთვის. ვთქვი, რომ ეს პროგრამა ამუშავდებოდა. რომ მქონდეს არჩევანი, ისევ ისე მოვიქცეოდი. ეს იყო ჩვენი ეკონომიკის მთავარი სისუსტე. გითხარით მონაცემებიც, 600 000 ათასი ადამიანი არ მონაწილებდა ეკონომიკურ ცხოვრებაში. მზად ვარ, მოგაწოდოთ ყველას დამატებით მონაცემები. ამას არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან. ეს პროგრამა წარვადგინეთ გაცილებით ადრე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.