მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან ახალი „ფეიკნიუსები“ მოვისმინეთ, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს არის ტყუილი
მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან ახალი „ფეიკნიუსები“ მოვისმინეთ, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს არის ტყუილი

ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები“ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ, ჩვენ გავქრით რადარებიდან, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო დღეების აქტივობებს მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია.

„მისი ვიზიტი გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს. მხარს უჭერს ჩვენი ერის მისწრაფებას, მხარს უჭერს იმ რეფორმათა პაკეტს, რომელიც დაგვეხმარება ალიანსში გაწევრიანების გზაზე და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ბუნებრივია, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ამის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები“ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, რომ ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან.  ბუნებრივია, მე არ ვაპირებ გავაკეთო სერიოზული შეფასება ამ განცხადების. უბრალოდ მსურს, საზოგადოებას მივაწოდო რამდენიმე დღის ქრონოლოგია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველო მასპინძლობს  საერთაშორისო სწავლებებს და ეს არის პირველი შემთხვევა ნატო-ს პრაქტიკაში, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანას მიეცა უფლება, უხელმძღვანელოს ასეთ სწავლებებს,  იყოს ხელმძღვანელი დაგეგმვის პროცესიდან მის აღსრულებამდე.

„ამის პარალელურად, საქართველოს ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და ეს არის ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მესამე ვიზიტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ძლიერი და მზარდი თანამშრომლობის გზაზე. ამასთან ერთად, ბრიუსელში გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა. მოვისმინეთ, ძალიან ძლიერი გზავნილები და ამავე დროს,  დავგეგმეთ ახალი ნაბიჯები, რომ ერთობლივი კოორდინაცია კიდევ უფრო ავამაღლოთ. მათ შორის, განხილული იყო ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილია ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება სწორედ შავი ზღვა, შავი ზღვის აუზი და საუბარი იქნება საქართველოზეც, მის ადგილსა და როლზე ნატო-სთან პარტნიორობაში.

ასევე, მამუკა ბახტაძის თქმით, ორი წელი შესრულდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების დადებიდან.

„ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამარჯვება და დღესვე, სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა იმართება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვისმენთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს.

ამასთან ერთად, მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს. მოგეხსენებათ, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონგრესში ჰქონდა მოსმენა და ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს ყოველივე საქართველოს ეროვნული ინტერესებია, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

„მე ჩამოგითვალეთ ამ რამდენიმე დღის ქრონოლოგია, რომელიც შეეხებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ და ვუყურებთ, თუ როგორ მოქმედებს ეს სიცრუის მანქანა, ეს „ფეიკნიუსები“. რაზეც მე დღეს ვისაუბრე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც დგას ყველაფერზე მაღლა, რომელიც დგას ნებისმიერ პარტიულ ინტერესზე მაღლა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ განცხადებებს საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან ჯანსაღად შეაფასებს ასეთი უპასუხისმგებლო ძალების განცხადებებს, რომლებიც ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არიან ერთგული ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად, აკეთებენ ასეთ ურთერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ ვითომ საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ეს არის ტყუილი და ეს არის ისეთი ტყუილი, რომელსაც აქვს ძალიან მოკლე ფეხები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, საქართველო-ნატო-ს შორის  ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, საქართველო ევროპულ ოჯახთან არასდროს ყოფილა ასე ახლოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მსგავს მაღალ დონეზე.

„ეს არის კონკრეტული ფაქტები და ამ კონკრეტულ ფაქტებს ყველა უნდა შეეგუოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე.