მამუკა ბახტაძე - უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა სუამ-ის ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე
მამუკა ბახტაძე - უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა სუამ-ის ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე

ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან 21 წლის განმავლობაში სუამ-ი ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი რეგიონული თანამშრომლობის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ეფუძნება პარტნიორობას, სოლიდარობას და ურთიერთპატივისცემას ოთხივე წევრ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიშინეუში დღეს გამართულ სხდომაზე, მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ახალი ძვრებისა და დინამიკის გათვალისწინებით, ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების მნიშვნელობა როგორც სუამ-ის ფარგლებში, ისე მის გარეთ, ასევე დაისახა სექტორული თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტული გზები.

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ ძალისხმევა ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და მისი სრული პოტენციალის გამოყენების უზრუნველსაყოფად. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ასევე წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო ასპარეზზე სუამ-ის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სუამის ტერიტორიაზე გადაუჭრელი კონფლიქტების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა და შესაბამისი რეაგირება სუამ-ის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მიმდინარე დარღვევებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა სუამ-ის ამჟამინდელ პარტნიორებთან – იაპონიასა და აშშ-თან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთქმედების აუცილებლობას სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს დაემყარება.

“ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო 24 სექტემბერს ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა სუამი+ ფორმატში კანადასთან თანამშრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმეთ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 პლენარულ სხდომას, რომელიც გაიმართა 27-28 სექტემბერს კიშინეუში და რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ასამბლეა. დღეს ჩვენ ხაზი გავუსვით ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელების და სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის და სხვა ორგანიზაციებთან საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასეთ ჩვენი საქმიანობა და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში – ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი სტრუქტურები და კიბერუსაფრთხოება. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ სუამ-ი უზრუნველყოფს ყველა აუცილებელ წინაპირობას მტკიცე ინსტიტუციური ბაზის მეშვეობით, რათა განხორციელდეს მისი სექტორული პოტენციალის შემდგომი გამოყენება და ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება არა მხოლოდ სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთანაც”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რეგიონთაშორისი კავშირების წახალისების მზარდი საერთაშორისო მნიშვნელობის გათვალისწინებით, სუამ-მა უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მხრივ, არსებითად მნიშვნელოვანია, სრულად იყოს გამოყენებული სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალი და გაიზარდოს ორგანიზაციის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ.

“ჩვენ ასევე განვიხილეთ „სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმების პროტოკოლი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაციის რეგულაციებთან დაკავშირებით“ და ხაზი გავუსვით კომპრომისის მიღწევის მნიშვნელობას, რათა ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს უახლოეს მომავალში. მივესალმეთ სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ხელმოწერილ პროტოკოლს საბაჟო დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ეხება სუამ-ის წევრი ქვეყნების საზღვრებზე საჰაერო ტრანსპორტით პროდუქციის ტრანსპორტირებას და რომლის მიზანიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის საბაჟო თანამშრომლობის განვითარება. ჩვენი ღრმა რწმენით, სუამ-ის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება კონკრეტულ შედეგებს მოუტანს მოქალაქეებს, მეწარმეებსა და, ზოგადად, საზოგადოებას. ადამიანთა შორის კონტაქტების, მეწარმეობის, შემოქმედებითობის და მდგრადობის შემდგომი განვითარება არის ჩვენი ერების წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, შეასრულოს აქტიური როლი სუამ-ის, როგორც ღია, სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაციის, ასევე მისი მოდერნიზაციის, გამართულად მუშაობისა და ეფექტიანობის მხარდაჭერაში.