მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების, უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მარტში, თურქეთ-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) პირველი შეხვედრისა და აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებას და გამოთქვა იმედი, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებს 2017 წლის მაისში თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის დროს ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე აქვთ მიღებული.