მამუკა ბახტაძე - თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება
თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა.
„ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს.
ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, არჩვენების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება“, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.
მან ყველას კანონის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
„მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.