მამუკა ბახტაძე - თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან მქონდა
მამუკა ბახტაძე - თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან მქონდა

თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან მქონდა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე შესაბამისი კითქვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ გაიარა კონსულტაციები მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შესაბამისი კონსულტაციები გადაწყვეტილების მიღებამდე.

„მე ვფიქრობ, ძალიან ერთმნიშვნელოვანი განმარტებები გავაკეთე ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე მოვედი კონკრეტული მიზნით, კონკრეტული მანდატით, ეს მიზანი არის შესრულებული. უფრო მეტიც, გითხარით, რომ მე პირველი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან დავიწყე უკვე გაზაფხულის ბოლოს და ის გაგრძელდა რამდენიმე თვეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან მამუკა ბახტაძის თქმით, საბოლოო კონსულტაციები გუშინ პარტიის ოფისში შედგა.

„ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო – პირველი, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, გაზაფხულის ბოლოს, მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. ისიც შემიძლია გითხრათ, თავიდან, როდესაც ჩემი მხრიდან იყო ეს საუბრები, არ იყო თავდაპირველადვე თანხმობა და იყო აზრთა სხვადასხვაობა. მოგეხსენებათ, ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მედიაშიც აქტუალურად განიხილებოდა ეს თემა, როდესაც გაზაფხულის ბოლოს მე თავადვე დავაყენე ეს საკითხი. გუშინ გვქონდა საბოლოო კონსულტაცია, როდესაც მივიღეთ საბოლოოდ გადაწყვეტილება. კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში, არსად სხვაგან, დღესაც გაგრძელდება, ხვალ დილას გაგრძელდება და დასრულდება. კონსპირაციების თეორიის ძებნა აღარ არის საჭირო. მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.