მამუკა ბახტაძე - თამბაქოზე აქციზის ზრდას ფისკალურ ნაწილზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია
აქციზის ზრდას ყოველთვის ახლავს გამოწვევები, თუნდაც ისეთი, როგორიც კონტრაბანდის ზრდა არის, თუმცა სამართალდამცველებს აქვთ ძალიან ეფექტური გრაფიკი და სამოქმედო გეგმა არ მიმართულებით, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომ თამბაქოს ექსპორტიორები და მწარმოებლები აქციზის ზრდის ფონზე გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებენ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომდგენლებთან დეკემბერში ორი შეხვედრა ჰქონდა და ძალიან დეტალურად გაიარეს ამ სექტორში არსებული ვითარება.
მისი თქმით, ინდუსტრიის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთი აქცენტი არ გაკეთებულა.
„ჩვენ შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ ფისკალურ ნაწილზე ამას არანაირი მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ მოხუდენია, თუმცა რა თქმა უნდა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, ფორუმლები, რითაც ხდება შეფასება, რა მოლოდინებია მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც აქციზის ზრდა ხდება. ჩვენი სტატისტიკა თითქმის 100%-ითაა მიახლოებული ამ საერთაშორისო პრაქტიკასთან. ასე რომ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური საზღვრები საკმაოდ ეფექტურად კონტროლდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.