მამუკა ბახტაძე - სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება
განათლება არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელწოდებით „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.
„მე დღეს მივმართავ საზოგადოებას და მაქვს ამის პატივი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება. ამასთან ერთად, მე მინდა, ხაზი გავუსვა სხვა პრობლემებსაც, რომელიც ჩვენ ობიექტურად გვაქვს ამ სექტორში და ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მაგრამ რასაც გპირდებით. ეს არის, რომ ამ რეფორმითა და ამ ეროვნული იდეით ჩვენ ყველა ამ ხარვეზსა და პრობლემას გამოვასწორებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ ინიციატორებს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორებს, ვინაიდან სწორედ განათლებაში ვხედავ ჩვენს წარმატებას, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ წარმატებებზე. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მსურს გავიმეორო, ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ეფუძნება ჩვენს ფასეულობებს. ჩვენ ერს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში. სწორედ ამიტომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ ამის საუკეთესო საშუალებაა.
მისი თქმით, ამ პროექტის მეშვეობით, საქართველოს ყველა რეგიონისა და თბილისის მასწავლებლებს ეძლევა საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ღირებულებების, საქართველოს-ევროკავშირის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის შესახებ.
როგორც პრემიერმა განმარტა, „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც ნათელი გზავნილია ყველასთვის.
მან მადლობა გადაუხადა საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, აგრეთვე, პროექტის მხარდამჭერებს – ფრიდრიხ ებერტის ფონდს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრს.
„მისასალმებელია, რომ პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების კუთხით პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს თავიანთ სკოლებში ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით. ეს პროექტი უკვე მეექვსე წელია, რაც წარმატებით ხორციელდება. წელს სასწავლო ვიზიტით კიდევ 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. იცით, რომ სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ლადო აფხაზავა, ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს პროექტი თითოეული მასწავლებილისთვის იქნება შესაძლებლობა, მოახდინოს თავისი პოტენციალის თვითრეალიზაცია.
„ვფიქრობ, ეს იქნება ახალი და საინტერესო პროფესიული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობას თქვენ წარმატებით გამოიყენებთ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მსურს, თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, თქვენი წვლილისთვის რაც შეგაქვთ მომავალი თაობების აღზრდაში და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სემინარი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ ევროპის დღეების ფარგლებში დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.