მამუკა ბახტაძე - საარჩევნო ბარიერის გაუქმებით, ახალგაზრდებს პოლიტიკაში შემოსვლის მეტი შანსი ეძლევათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს ეხმაურება. როგორც მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“ წერს, მზად არის შეხვდეს სტუდენტებს და მათთან ითანამშრომლოს.
„მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე. მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.
მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!“,- წერს „ფეისბუქზე“ მამუკა ბახტაძე.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში ახალგაზრდები 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ.