მამუკა ბახტაძე - სტიქიის ზონაში ვითარება მუდმივად კონტროლდება და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მივიღებთ
მამუკა ბახტაძე - სტიქიის ზონაში ვითარება მუდმივად კონტროლდება და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მივიღებთ

სტიქიის ზონაში არსებული ვითარება მუდმივად კონტროლდება და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ ჭუბერში ჩავიდა და სტიქიის ზონაში ვითარებას, ასევე იქ მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

მისი თქმით, წყლის დონე ჯერ დაკლებული არ არის და გზის კაპიტალური შეკეთება წყლის დონის დაწევამდე ვერ დაიწყება.

„წყლის დონე არ არის დაწეული. აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სახლები, რომელსაც ემუქრება საფრთხე არის დაცული, მოსახლეობას ვეხმარებით, გამოიტანონ ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურ შეკეთებას ვერ დავიწყებთ, სანამ წყლის დონეზე არ დაიკლებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მდინარემ არსებული გზა მეტად არ გამორეცხოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ადგილზე იმყოფება ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი.