მამუკა ბახტაძე - სსფ მხარს უჭერს 4-პუნქტიანი განვითარების გეგმას და მის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი განვითარების გეგმასა და ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობის მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და ამ წარმატებებს სავალუტო ფონდიც იზიარებს.
„დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად დავიწყეთ ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, სსფ-თან ერთად, ბევრი და კომპლექსური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. ფონდი მხარს უჭერს 4-პუნქტიანი განვითარების გეგმას და მის ფარგლებში ჩვენ მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ რეფორმებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ფისკალური მიზნები დაისახა – მიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და დეფიციტის შემცირება. ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები შარშან, 2016 წელთან შედარებით, 26%-დან 24,6%-მდე შემცირდა. 2018 წლის კი, 23,9%-მდე შემცირებაა გათვალისწინებული.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოზიდული ინვესტიციების სახით კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, გასულ და მიმდინარე წელს დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის – რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, ასევე, შენდება გვირაბები ყაზბეგისა და ქუთაისის, მესტიის მიმართულებით. ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უკვე მოძიებულია შესაბამისი დაფინანსება.
მინისტრის თქმით, ერთ წელიწადში ფისკალური დეფიციტი 3%-მდე შემცირდა.