მამუკა ბახტაძე - სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი, იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი
სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი, იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო პროპორციულად, სოფლის მეურნეობის წილი ძალიან მცირეა, რაც არის სიღარიბის წყარო.
„რა თქმა უნდა, 43%-იანი დასაქმება სოფლის მეურნეობაში იმ პირობებში, როდესაც ეს სინამდვილეში ნატურალური მეურნეობაა, წარმოუდგენელია. ჩემი პასუხიც ყოველთვის ეს იყო – ჩვენ არ გვაქვს სოფლის მეურნეობა. რომ გვქონდეს, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე. ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს. იმ სექტორში, რასაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეძახით, ხალხია დასაქმებული, რომელსაც მოჰყავს მოსავალი იმისთვის, რომ თვითონ მიიღოს მოსავალი. ეს არ არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ნატურალური მეურნეობა. შესაბამისად, ეს დარგი გადასაყვანია სოფლის მეურნეობაზე.
რატომ არის ლევან დავითაშვილი წარმოდგენილი ჩემს კაბინეტში, სწორედ იმიტომ, რომ ლევანმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა სოფლის მეურნეობა შეეტანა ამ ძალიან მძიმე დარგში. ჩვენ გვაქვს საექსპორტო ზრდა 30%-ით, მაგრამ რომ გვქონოდა მეტი მხარდაჭერა, მეტი გაკეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ახლა გაკეთდება ბევრად მეტი. სოფლის მეურნეობას და არა ნატურალურ მეურნეობას საქართველოში აქვს პერსპექტივა. 43%-ი რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროპორცია, შესაბამისად, ამას უნდა დავაწიოთ სხვა რეფორმები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.