საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს.
მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.
სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.
საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.