საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია, რისთვისაც მამუკა ბახტაძემ ანდრეას ნორლენს მადლობა გადაუხადა.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებს, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების კონკრეტული ფაქტები. პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.
ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ხაზი გაესვა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს და ეს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართული საზოგადოების პოზიციაა.
გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ და ანდრეას ნორლენმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი პოზიტიური როლი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის განსაკუთრებულ როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
პრემიერ-მინისტრმა ანდრეას ნორლენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მაღალი რანგის დელეგაციით მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.