მამუკა ბახტაძე - შემოსავლების ლეგალიზებას ბევრი მოქალაქე შეძლებს, რადგან მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსის მისაღებად დამატებითი ბიუროკრატიის გავლა არ მოუწევთ
შემოსავლების ლეგალიზებას ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს, რადგან მცირე ან მიკრო მეწარმის სტატუსის მისაღებად მოქალაქეებს დამატებითი ბიუროკრატიის გავლა არ მოუწევთ და ფისკალური თვალსაზრისით ეს არანაირი დამატებითი მნიშვნელოვანი ხარჯი არ არის, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შექმნის თუ არა გარკვეულ პრობლემებს ის ფაქტორი, რომ მოქალაქეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, მომხმარებლები მცირე ან მიკრო მეწარმედ თავად დაარეგისტრირონ.
„რეგულაცია ისე უნდა გაკეთდეს, თვითდასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული იყოს, ამიტომ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, შემოსავლების მიხედვით, მცირე ან მიკრო მეწარმედ თვითონვე დაარეგისტრირონ თავიანთი მომხმარებლები, რომლებიც ხშირშემთხვევაში, თვითდასაქმებული მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ბანკსა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თვითდასაქმებულის შემოსავლების იდენტიფიკაცია ავტომატურად მოხდება, ის სტატუსს მიიღებს და ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საკრედიტო ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან უნიკალური საგადასახადო პრაქტიკა ინერგება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მცირე მეწარმედ დარეგისტრირდება, თუ მისი შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, სიმბოლურ ერთპროცენტიან გადასახადს გადაიხდის.
„ამასთან, კანონმდებლობაში გათვალისწინებული გვაქვს მიკრო მეწარმის სტატუსი. ეს ის შემთხვევაა, როცა მოქალაქის შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატება და ამ შემთხვევაში გადასახადი საერთოდ ნულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.