მამუკა ბახტაძე - საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ
საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც მოიტანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია „ქართული ოცნება“ და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამის დემონსტრირებას 2012 წლიდან ყოველდღე ახდენს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გარკვეულ მოსაზრებებს და იმ ძალების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ფორსირებას უკეთებენ საზოგადოების ცნობიერებას და ვთქვა, რომ ვერავინ გაბედავს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას. ამის იმედი ნუ ექნებათ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რასაც თვალს ვადევნებთ. დღესაც მომიტანეს ძალიან ბევრი მაგალითი, როგორ მიდის პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა ჩვენს მხარდამჭერებზე. ამის გაკეთება შეუძლია ძალას, რომელიც მუდმივად იდგა ძალადობრივ მექანიზმებზე. ასეთ საკითხები ჩვენთვის დღის წესრიგში ვერ იქნება. „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიის გარანტი და ყველა ველოდებით მეორე ტურს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე.
„ჩვენ მივიღეთ გზავნილი ქართული საზოგადოებისგან და ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. რაც შეეხება გამოწვევებს, გვქონდა დაწყებული და ვაგრძელებთ რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში გვაქვს ძალიან ხელშესახები არაეფექტურობა, რაც აფერხებს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ მოსახლეობამდე ის სიკეთე, რასაც ესა თუ ის ინიციატივა გულისხმობს. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ცენტრალური და ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, მაგრამ მთავარია ეფექტურობა, რათა ეს კონკრეტული სიკეთეები რაც შეიძლება დროულად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. რაც შეეხება ცვლილებებს, ცვლილებები ისედაც გათვალისწინებული გვქონდა და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვჭირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.