მამუკა ბახტაძე - საქართველოსთან ერთად ევროპის ოჯახი უფრო ძლიერია
მამუკა ბახტაძე - საქართველოსთან ერთად ევროპის ოჯახი უფრო ძლიერია

ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია ისტორიული მიღწევებია ჩემი ერისთვის, თუმცა გვინდა, წინ წავიწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში განაცხადა.

პრემიერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მონაწილებს. მამუკა ბახტაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მეტს იმსახურებს და მეტი შეუძლია.

„საქართველოს აფასებენ, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას და ჩვენ ვფიქრობთ, საქართველო მეტს იმსახურებს და მეტი შეგვიძლია. რამდენიმე თვის წინ ჩვენს ევროპელ კოლეგებს წარვუდგინეთ დოკუმენტი სახელწოდებით „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროკავშირის ინსტიტუტებში, უფრო მეტად ფოკუსირებული ვართ სექტორულ ინტეგრაციაზე. ვგულისხმობ საქართველოს ინტეგრაციას ციფრულ ბაზარზე, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ჩვენი მოქალაქეების მობილობის გაზრდას, ასევე ცირკულარულ მიგრაციას და ბევრი სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ბევრი გამოწვევა არსებობს ევროკავშირში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, წინ წაიწიოს და თვალსაჩინო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სექტორული ინტეგრაცია. 10 წლის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ შესანიშნავი იდეა იყო, მამაცი და ხედვაზე დამყარებული იდეა. 10 წლის შემდეგ ჩვენ გვჭრდება ახალი დიდი იდეა. ყველა ერს უნდა ჰქონდეს ხელშესახები ნიშნული, რომლის მიღწევასაც ეცდებიან. როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ჩვენ ვფიქრობთ, მეტი ინტეგრაცია არის სწორი არჩევანი ჩვენთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოსთან ერთად ევროპის ოჯახი უფრო ძლიერია და საქართველოსთან ერთად ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება.

„ასევე მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვა საქართველოს კონტრიბუციაზე, რათა ძალიან მომთხოვნი არ გამოვჩნდე, მაგრამ საქართველოსთან ერთად ევროპის ოჯახი უფრო ძლიერია. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროკავშირის მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებს ექნებათ საშუალება, გაზარდონ წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონში. ეს ცდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, ახალი, ამბიციური იდეა წარადგინოს.

„ჩემი გზავნილი დღეს შემდეგია – საქართველოს წარსული და მომავალი ევროპულია. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ახალი,  უფრო ამბიციური იდეა წარმოვადგინოთ, რადგან საქართველო მზადაა, წინ წავიდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე გამოსვლისას.