მამუკა ბახტაძე - საქართველოში ინოვაციებით გაჯერებული ეკოსისტემის შექმნა ჩემი პირადი მიზანია
ჩემი პირადი მიზანია, საქართველოში ინოვაციებით გაჯერებული ეკოსისტემის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია დანერგა.
„თუმცა, ყველანი დამეთანხმებით, რომ ინოვაციები და ჩვენი ქვეყნების მომავალი ვერ შედგება ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის აღიარების გარეშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობასა და ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას.
„გლობალიზაციის ეპოქაში მთავარია მასშტაბური ჰორიზონტისა და უმაღლესი დონის ცოდნის მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც პირუთვნელ მომავალს შექმნის. სწორედ ამ მიზნით, ყოვლისმომცველი რეფორმა დავიწყეთ საგანმანათლებლო სექტორში, რასაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველაზე გაბედულ ნაბიჯად მივიჩნევთ. განათლების სისტემის ეს ახალი რეფორმა, ვიტყოდი, რევოლუციურია, ჩვენი ხალხისთვის კარდინალური ცვლილებების მომტანი და მომავალი თაობებისთვის ნამდვილად ეროვნული იდეაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ამ რეფორმის ფარგლებში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 6 პროცენტი ყოველწლიურად მიმართული იქნება განათლების სფეროში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია,
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ საკანონმდებლო დათქმის საფუძველზე ყველა შემდგომი მთავრობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში იქნება ვალდებული კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინვესტიცია მოხდება იმ ხალხში, ვისაც ჩვენი ქვეყანა იმ სიმაღლეებისკენ მიჰყავს, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს განსაზღვრული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში, მხოლოდ ის ადამიანების შესძლებენ საჭირო დამატებითი ღირებულების შექმნას ეკონომიკაში, ვისაც ნათელი გონება, უახლესი ინფორმაცია და არასტანდარტული აზროვნების უნარი გააჩნია.
„ხანდახან უნდა გავცდეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს და განზრახულზე გაცილებით მეტი გავაკეთოთ, რათა ხანგრძლივი და ეპოქალური გავლენა მოვახდინოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებზე. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე მუხლჩაუხრელად არსებული გამოწვევების დასაძლევად, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და, რაც მთავარია, მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ ფორუმზე.