მამუკა ბახტაძე - საქართველოს საერთაშორისო წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება 
მამუკა ბახტაძე - საქართველოს საერთაშორისო წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა ჩვენთვის ქმნის უნიკალურ საშუალებას, ვისაუბროთ პროგრესზე და ამავე დროს, გამოწვევებზე, რაც საქართველოში გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალური სამიტი გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, თანამდროვე მმართველობა მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას, რომლის ცენტრში ყოველთვის მთავარი არის მოქალაქე.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ვისთვისაც თანამდროვე, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის ფუნდამენტური წინაპირობაა, დღეს ჩვენს გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები. საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას გიხდით ყველას, რომ მონაწილეობთ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მთავარ ღონისძიებაში“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამიტის მონაწილეებს.

მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მთავარ მიზანს ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება, საზოგადოების ნდობის ამაღლება და მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს.

„წელს საქართველო ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას – პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა. მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპიც კი იყო აღიარებული და გათვალისწინებული. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაამყაროს ეს მონაპოვარი და უზრუნველყოს ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა. წელს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა, 2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს, 2016 წელს კი – საქართველოს მთავრობა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

პრემიერის შეფასებით, საერთშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც მმართველობის გაუმჯობესების მიზნით იქნა გაწეული.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პროცესში – მთავრობასთან ერთად, ღია მმართველობის გეგმას საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია და უზენაესი სასამართლოც ახორციელებს. ღია მმართველობაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც.

მან ამ მიმართულ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ღრმად გვწამს, რომ ხელისუფლების ყველას შტოს ძალთა მობილიზება დაგვეხმარება რეალური შედეგების ეფექტიანად მიღწევაში. ღია მმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ის, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა სამოქალქო საზოგადოებასთან. შევქმენით ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, ეს არის მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისთვის, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ და შეიმუშაონ ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგი“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მატარებელი ქვეყანაა მსოფლიოში.

მამუკა ბახტაძემ სამიტის მონაწილეებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული ვითარებაც  გააცნო.

„საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით, ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი, იუსტიციის სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით, სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი, სერვისების უმეტესობა ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. 2012 წლიდან მუდმივად უმჯობესდება საბიუჯეტო გამჭვირვალობა, რომელსაც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა – IBP ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მეშვეობით აფასებს. როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვამაყობ, რომ 2017 წლის შეფასებით, საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიხედვით, საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა.

პრემიერ-მინისტრმა თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალური სამიტი გახსნა, რომელიც ფილარმონიაში მიმდინარეობს.  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე  ღონისძიების მონაწილეებს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია  მიმართავს სიტყვით.