მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას
გლობალიზაციის ეპოქაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ჩაკეტილ სივრცეში, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული და მწვავე გამოწვევა – საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში ომამდე მოსახლეობის რაოდენობა იყო 120 ათასი ადამიანი, დღეს სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 ათას ადამიანზე მეტი. აქედან 7 ათასი გახლავთ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურე“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, იგივე ვითარებაა აფხაზეთშიც, სადაც ომის პერიოდამდე მოსახლეობა იყო 550 ათასი, დღეს კი, ამ ტერიტორიაზე 120 ათას ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს.
„ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება. არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. ბუნებრივია, ამ გზაზე გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით. გლობალიზაციის ეპოქაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ჩაკეტილ სივრცეში. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი იქნება“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ კონფერენციის მონაწილეებს.