მამუკა ბახტაძე - საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხებოდა.
ბახტაძის თქმით, ახლახანს ბრიუსელში გამართულ სამიტზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, საბოლოო მიზანს მიაღწიოს და გახდეს ალიანსის წევრი.
„საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად ვიღებთ, როგორც ეს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა აღნიშნა. ნატო-ში საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ კონსენსუსის ხარჯზე მიიღწევა. ახლახანს ბრიუსელში გამართულ სამიტზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, საბოლოო მიზანს მიაღწიოს და გახდეს ალიანსის წევრი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რეფორმების გატარების პროცესში.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც მივილტვით, რომ ეს რეფორმები განვახორციელოთ. დარწმუნებული ვარ, რეფორმების ახალ ტალღას ბოლომდე მივიყვანთ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.