მამუკა ბახტაძე - საქართველოს განათლების სისტემამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რათა აქ გაცემული ყველა დიპლომი იყოს სრულიად თავსებადი და აღიარებული ევროპულ ბაზარზე
მამუკა ბახტაძე - საქართველოს განათლების სისტემამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რათა აქ გაცემული ყველა დიპლომი იყოს სრულიად თავსებადი და აღიარებული ევროპულ ბაზარზე

საქართველოს განათლების სისტემამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რათა აქ გაცემული ყველა დიპლომი იყოს სრულიად თავსებადი და აღიარებული ევროპულ ბაზარზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ევროპელ კოლეგებს სწამთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ფუნდამენტური და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას. ჩვენთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, ვინაიდან მარტო მასშტაბური ინვესტიციები არ კმარა. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხარისხზე და ამ შემთხვევაში, ხარისხის სტანდარტი ეს არის ევროპული ოჯახის მიერ გაცხადებული და უკვე დამკვიდრებული სტანდარტები და კრიტერიუმები. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ამავე დროს, პარალელურად დიდი პასუხისმგებლობაც, ვინაიდან ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა, განათლების სისტემამ, უნივერსიტეტებმა უნდა შევძლოთ ის, რომ დავაკმაყოფილოთ ეს კრიტერიუმები, რათა საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იყოს სრულიად თავსებადი და აღიარებული ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად მოამზადებს სამოქმედო გეგმას, რომ ჩვენმა უნივერსიტეტებმა, ისევე როგორც პროგრამებმა, რომლებიც ისწავლება უნივერსიტეტებში დააკმაყოფილონ შესაბამისი კრიტერიუმები.

„მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო, წელს ჩვენ განათლების სექტორისთვის განვსაზღვრეთ ბიუჯეტი მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი, ეს არის უკვე საკმაოდ სერიოზული წარმატება იმის ფონზე, რომ ჩვენ 2012 წელს აქტიურად ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა განათლების სისტემაში. მომავალ წელს ბიუჯეტი იქნება ორი მილიარდი, 2021 წელს იქნება ორ მილიარდ-ნახევარი და 2022 წელს ის გაუტოლდება სამი მილიარდ ოთხას მილიონ ლარს, რომელიც გახლავთ სწორედ ბიუჯეტის მეოთხედი და იმ კანონმდებლობით რომელიც შესულია და პარლამენტში არის განხილვის სტადიაში. შემდგომი მთავრობები, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში იქნებიან ვალდებული, რომ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართონ სწორედ განათლებაზე. ახლა რაც შეეხება თვითონ კრიტერიუმებს. ის არის საკმაოდ მკაცრი. ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული ხარისხი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო უნივერსიტეტებთან ერთად მოამზადებს სამოქმედო გეგმას, რომ ჩვენმა უნივერსიტეტებმა, ისევე როგორც პროგრამებმა, რომლებიც ისწავლება უნივერსიტეტებში დააკმაყოფილონ სრულად ის კრიტერიუმები, რომელიც მოცემულია. ბუნებრივია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ ამ შემთვევაში უნდა დავეყრდნოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც. ეს შეიძლება იყოს 18, 20, 24 თვე. ეს დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ უმოკლეს ვადაში შევძლოთ გავიაროთ ეს პერიოდი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში.