მამუკა ბახტაძე - საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტის წერილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ამ წერილს გავეცანი. საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ კარგად ვიცით ეუთო-ს დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის გამოხატავდა მოსახლეობის არჩევანს. ბუნებრივია, იყო ხარვეზები და ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, მაგრამ ერთ-ერთი დიდი ხარვეზი, რომელიც იყო და მე ამას ვიზიარებ, ეს გახლდათ პოლარიზებული გარემო, რომელიც ჩვენი დემოკრატიისთვის ნამდვილად არ არის კარგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება დიალოგისთვის, მაგრამ როდესაც საუბარია პოლარიზაციაზე, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და კარგად ხედავს დღესაც, საიდან მოდის ეს ინიციატივა.
„ქართული ოცნება“ მზად არის დიალოგისთვის, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომელიც შეეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმ საკითხებზე, რომელიც ეხება რეფორმებს. პოლარიზაცია არის ცუდი, ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ იმ განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიოს. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამაზე პასუხი გაეცა 2016 წელს, როდესაც ეს იდეა იდგა. სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რეალურად ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგამდე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. რაც შეეხება წერილს, ჩვენ ევროპარლამენტში გვყავს ბევრი მეგობარი, მათი რჩევები მნიშვნელოვანია. წერილის შინაარსის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნას. ამასთან, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ასოცირების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში ევროპარლამენტში უკვე დამტკიცდა წარმატებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც დასაკორექტირებელი გვაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.