მამუკა ბახტაძე - საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, აუცილებლად გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, აუცილებლად გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი

საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს არის გამყარებული ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმატებული ამ ინტეგრაციის გზაზე.

„დღეს შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ასევე სხვა რელიგიურ ლიდერებთან და კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის მაგალითი, როდესაც არსებობს სულისკვეთება, ყველა ვდგავართ ერთ პოზიციაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მივესალმები ამ პროექტს – „საქართველო ევროპულ ოჯახში“. კიდევ ერთხელ უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობის ხარისხი საზოგადოებაში, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ მიზნებზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაური დღეს პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის, აღნიშნული პროცესის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.