მამუკა ბახტაძე - „საქართველოს ბანკისა“ და „სილქნეტის“ მიერ ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა
„საქართველოს ბანკისა“ და „სილქნეტის“ მიერ ჩვენს ეკონომიკაში ახალი სახსრების მოზიდვა ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალ დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ „საქართველოს ბანკმა“ მოიზიდა 100 მლნ დოლარის ჰიბრიდული კაპიტალი, ასევე, სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,სილქნეტმა“ გამოუშვა 200-მილიონიანი არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ მოთხოვნა, რომელიც დაფიქსირდა, იყო იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდათ განაცხადი ქართულ კომპანიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ, იმ საკანონმდებლო ბაზისა და ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ, რაც საქართველოს აქვს, არის მაღალ დონეზე. ეს არ გახლავთ მხოლოდ ფრაგმენტული წარმატება. ეს არის მოლოდინები, რაც საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მიმართ აქვთ. მე ვისურვებდი, რომ ეს ტრანზაქციები მომხდარიყო ჩვენს კაპიტალის ბაზარზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, საშუალებას მოგვცემს, ქართულმა კომპანიებმა არა მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე მოიზიდონ კაპიტალი, არამედ ადგილობრივი ქართული კაპიტალის ბაზრიდანაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.