მამუკა ბახტაძე - საქართველო ვერასოდეს გახდება განვითარებული ეკონომიკა, თუ განათლების სექტორში არ განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები
ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ – განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, ინოვაცია და ახალგაზრდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, ფიქრი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე, თუ არ ჩამოყალიბდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა.
„წარმოდგენილ რეფორმებს მოკლე ვადაში დავნერგავთ. ჩემი განწყობაა, რომ ამ რეფორმების დიდი ნაწილი უნდა დავნერგოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, ნაწილი – 2019 წელს. ჩვენი აქტივობები მიმართულია სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ საქართველო ვერასოდეს გახდება განვითარებული ეკონომიკა, თუ ჩვენ განათლების სექტორში არ განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენს მშპ-ში განათლების სექტორისთვის ორნიშნა რიცხვი მივიღოთ. სწორედ ამის შემდეგ საქართველოს ექნება პერსპექტივა, გახდეს განვითარებული ეკონომიკა და ეს არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები იქნება წარმოდგენილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს განაათლების სექტორის დომინანტური როლის განსაზღვრა ეროვნულ ეკონომიკაში.
„მინდა შეგახსენოთ, რომ განათლების რეფორმა ხორციელდება მის ყველა საფეხურზე, ეს შეეხება ხუთ დონეს. ეს არის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტი. ზოგადი განათლება არის რეფორმის ქვაკუთხედი ამ სისტემაში; ეს არის პროფესიული განათლება, რომლის დონე სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ჩვენი ამოცანა იქნება, ყველა რეგიონულ ცენტრში გვქონდეს ძლიერი და კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების ცენტრები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ; ეს არის უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა, მეცნიერება. ვისაუბრე განათლების სისტემაზე, თუმცა ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა არანაკლებად ფართო სფეროა, სადაც ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განვითარდეს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და ის, რომ მათ მივცეთ თავიანთ სამშობლოში თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.